19 მაისს, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, იდეების ცოცხალი აუქციონი გაიმართა და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებმა საკუთარი იდეის განსახორციელებლად თანხების მობილიზება აუდიტორიისგან მოახდინეს. ღონისძიება ჩატარდა თბილისში, საქართველოს მწერალთა სახლში.
„იდეების აუქციონი“, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცნობილი სახალხო დაფინანსების მეთოდია, რომელიც ეხმარება მცირე ზომის სამოქალაქო ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს საკუთარი პროექტების პოტენციურ დონორებთან წარდგენაში და რესურსების ცოცხალ რეჟიმში შეგროვებაში. ცოცხალი ქრაუდფანდინგის პრაქტიკას საქართველოში “სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ (CSRDG) ჩაუყარა საფუძველი. აუქციონის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელმა სამმა გუნდმა აუდიტორიას საკუთარი იდეები დადებითი სოციალური და ეკოლოგიური კუთხით წარუდგინეს და მხარდაჭერაც მოიპოვეს. ჯამში, მოთხოვნილი 15, 000 ლარის ნაცვლად 20, 900 ლარი შეგროვდა. ღონისძიებას დაესწრნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, მედიის, სახელმწიფო სტრუქტურებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი
მათ აუდიტორიისგან 10 000 ლარი შეაგროვეს და ახალციხეში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სომხურენოვანი ქცევის თერაპევტის გადამზადებას გეგმავენ.
დიმელი ქალები
სრულიად განსხავებული პროფესიის, ხედვისა და გამოცდილების სამი ქალი, რომლებიც სოფელში საგანმანათლებლო-შემეცნებითი სივრცის დაფუძნებას 'იდეების აუქციონზე' შეგროვებული თანხით გეგმავენ. მათ აუდიტორიისგან 5 400 ლარი შეაგროვეს. უამრავ სამომავლო გეგმასთან ერთად, პირველ ეტაპზე, ბაღდათის რაიონ სოფელ დიმში ღია კინოთეატრს დააარსებენ.
დათას ეზო
'ურბანული ბაღი', ასე ეძახის დათა ცინცაძე ქალაქ რუსთავში, საკუთარ ეზოში შექმნილ სივრცეს, რომელსაც თანამოქალაქეებთან ეკოლოგიურ გამოწვევებზე სასაუბროდ იყენებს. მან საკუთარი იდეის განსახორციელებლად აუდიტორიისგან 5 500 ლარი შეაგროვა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ფართოდ იკიდებს ფეხს ქრაუდფანდინგის ანუ სახალხო დაფინანსების პრაქტიკა და სულ უფრო მეტი ადამიანი, ჯგუფი თუ ორგანიზაცია ერთვება მასში. უკვე აქტიურად ფუნქციონირებს რამდენიმე ონლაინ პლატფორმა, რომელთა მეშვეობითაც საზოგადოება სხვადასხვა სოციალურ თუ გარემოსდაცვით პროექტებს აფინანსებს.
სწორედ ქრაუდფანდინგის კონცეფციის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, CSRDG-ის სათემო განვითარების პროგრამის ფარგლებში დაიწყო სრულიად ახალი ინიციატივა, რომლის ნაწილია იდეების პირველი აუქციონიც.