-
თემი გახლავთ ინგლისური სიტყვა „Community“-ს შესატყვისი და თუ ამ სიტყვას პირდაპირ ვთარგმანით - ერთობას, საზოგადოებას ნიშნავს. ქართულ რეალობაში, ტერმინი „თემი“ ძირითადად გეოგრაფიულ ტერიტორიულ ერთეულთან ან წარსულში არსებულ სოციალურ ინსტიტუტებთან (ხევსურული თემი, პირველყოფილი თემი ...) ასოცირდება.
რეალურად, თემი თავისი მნიშვნელობით უფრო მეტია, ვიდრე ტრადიციული სამეზობლო ტერიტორიული ერთობა. ურბანიზაციამ წარმოშვა ახალი ტიპის თემი ანუ ის, რომელიც არ არის დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების საცხოვრებლების ტერიტორიულ სიახლოვეზე ან საერთო წარმომავლობაზე. შესაბამისად, თემი შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც საერთო პერსპექტივების მქონე გეოგრაფიული ან/და საერთო ინტერესების, ღირებულებების, სოციალური პირობების და პრიორიტეტების მქონე ადამიანების ერთობად.
მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებულია სამეზობლო ანუ გეოგრაფიული ტიპის ერთობები, რადგან ერთ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო გამოწვევებით, შესაძლებლობებით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით და სხვა.
-
თემის განვითარება სოციალური ცვლილებების მუდმივი პროცესია, რომელიც კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები ადამიანების გამოცდილებებიდან, საჭიროებებიდან, გამოწვევებიდან და ინტერესებიდან უნდა მომდინარეობდეს. თემის განვითარების საბოლოო ეფექტი თემის მაცხოვრებლებში საკუთარი ძალის რწმენის და საკუთრების აღქმის გაძლიერებაა, ასევე თემში არსებული გარკვეული ცოდნის, უნარების, სოციალური კავშირების და კონტაქტების განვითარებაა. ამ ყველაფერს, თავის მხრივ, საერთო საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებამდე მივყავართ. ზოგადად თემი, თავისი არსით, ცოცხალი ორგანიზმია, შესაბამისად მისი განვითარების ერთი უნიკალური ფორმულა არ არსებობს. სწორედ ამიტომაც არის თემი თავისი გაერთიანების იდეით, წევრების გამოცდილებით, გეოგრაფიული პერსპექტივებით, გამოწვევებით, გადაწვეტილებებით - ინდივიდუალური.
-
საზოგადოებრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი სახე გახლავთ სათემო, ანუ ერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია (ინგლისურად შესატყვისიმ ტერმინი - ”Community Based Oragnization - CBO”).
საქართველოში, ძირითადად გავრცელებულია გეოგრაფიული ტიპის ერთობები. შესაბამისად, ადგილობრივი მოქმედი სათემო ორგანიზაციების უმრავლესობა მცირე ზომის არაფორმალური ჯგუფი ან რეგისტრირებული ორგანიზაციაა, რომელიც კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში (მუნიციპალიტეტი, რაიონი, სოფელი, დაბა, უბანი) დასახლებული ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნავს. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სათემო ორგანიზაციების იურიდიული სტატუსი იგივეა, რაც საზოგადოებრივი ორგანიზაციის შემთხვევაში - არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირი ა(ა)იპ. მიუხედავად ერთი და იმავე ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, ე.წ. სათემო ჯგუფები(CBO) იმით განსხვავდებიან რეგიონებში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან (CSO), რომ მათი სამოქმედო არეალი შემოფარგლული და კონკცენტრირებულია ერთ კონკრეტულ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, შესაბამისად ისინი ამ კონკრეტული თემის საჭიროების შესაბამისად მუშაობენ.
გარდა ტერიტორული ერთობებისა, მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულია საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ე.წ. თემატური სათემო ორგანიზაციები. ასეთებად შეიძლება ჩაითვალონ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, რელიგიურ, ეთნიკურ და სექსუალურ უმცირესობზე მომუშავე ორგანიზაციები თუ საინიციატივო ჯგუფები. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის თემატური ერთობების მაგალითები საქართველოშიც არსებობს.
-
სათემო ფონდი დამოუკიდებელი, ადგილობრივად მოქმედი ორგანიზაციაა, რომლის მიზანი გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში დასახლებული ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. სათემო ფონდის მთავარი ფუნქცია, თემში ტექნიკური, ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზება და ამავე თემში არსებული პრობლემების მოგვარებაზე მიმართული ადგილობრივი ინიციატივების დაფინანსებაა. სწორედ, ადგილობრივი რესურსის მოზიდვა და მისი კვლავ თემის საჭიროებებზე გამოყენება არის სათემო ფონდის ის ძირითადი მახასიათებელი, რომელიც მას სხვა ფონდებისგან განასხვავებს.
სათემო ფონდების კუთხით უფრო მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის მიერ მომზადებული საინფორმაციო მასალა.
-
ქრაუდფანდინგი წარმოადგენს ინგლისური სიტყვის „Crowdfunding“-ის ანალოგს და პირდაპირი მნიშვნელობით ქართულად - მასობრივ/სახალხო დაფინანსებას ნიშნავს. ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული განმარტებით, ქრაუდფანდინგი არის დაფინანსების მოძიების ალტერნატიული ფორმა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს, მათ ვისაც გარკვეული რესურსის გაცემა შეუძლიათ, იმ ადამიანებთან, ვისაც ეს რესურსი კონკრეტული პროექტისთვის სჭირდება.
ქრაუდფანდინგის საშუალებით შესაძლებელია დაფინანსება მიიღონ არა მხოლოდ ტრადიციული მეთოდებით (ბანკი, ფონდი, ბიზნეს კომპანია და სხვა), არამედ სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმებით, პირდაპირ დონორებისგან. ქრაუდფანდინგის მრავალი მოდელი არსებობს და ის თუ რა სარგებელს იღებენ დონორები გაცემული რესურსის სანაცვლოდ დამოკიდებულია იმაზე თუ რა სახის ქრაუდფანდინგთან გვაქვს საქმე.
სიღრმისეული ინფორმაციისთვის გაეცანით ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ქრაუდფანდინგის ღონისძიების გზამკვლევს.
-
კოლექტიური გაცემა არის ფილანტროპიის ფორმა, რაშიც მოიაზრება საერთო ღირებულებების და მიზნების მქონე ადამიანების მცირე თუ დიდ ჯგუფებში გაერთიანება საერთო პრობლემის მოსაგვარებლად. კოლექტიური გაცემის სხვადასხვა ფორმა და მისი აღმნიშვნელი ტერმინი არსებობს - ერთ-ერთი მათგანი არის გაცემის წრე. მსგავსი ტიპის წრეები შეიძლება ჩამოყალიბდნენ როგორც მცირე ზომის ჯგუფებად, ისე მოზრდილ გაერთიანებებად. გაცემის წრე, თავის მხრივ აფინანსებს იმ ადგილობრივ ორგანიზაციებს/ჯგუფებს, რომლებსაც თავიანთი ინიციატივებით დადებითი გავლენა შეუძლიათ იქონიონ საზოგადოებაზე.
სიღრმისეული ინფორმაციისთვის გაეცანით ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ქრაუდფანდინგის ღონისძიების გზამკვლევს.