პირველი ნაბიჯები
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი 1995 წელს დაფუძნდა, მაშინ, როცა ქვეყანაში მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები მიმდინარეობა. ამ პერიოდში, ჯერ კიდევ სრულად აღქმული და გააზრებული არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნება. შესაბამისად, საზოგადოების უმრავლესობისთვის სრულიად უცხო იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციის და მითუმეტეს სათემო ორგანიზაციის კონცეფცია.
ქალაქებსა და რეგიონებს შორის სოციალურმა, კულტურულმა თუ ეკონომიკურმა არათანაბარმა განვითარებამ, სოფლის მოსახლეობაში უნდობლობა, საკუთრების აღქმის დეფიციტი და რაც მთავარია, სამოქალაქო ინიციატივების ნაკლებობა გამოიწვია. აღსანიშნავია, ისიც, რომ ამ პროცესებს ხელი საბჭოთა ოკუპაციამაც შეუწყო.
CSRDG-ის ახალგაზრდა, მოტივირებულ გუნდს, სწორედ ამ მდგომარეობის გაუმჯობესებაში სურდა საკუთარი, თუნდაც მცირედი წვლილის შეტანა. ამ მიზნით, ორგანიზაციამ დაარსების დღიდან, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საჭირო არაერთი მნიშნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვა. თუმცა, ამ ხანგრძლივი ისტორიიდან, აღსანიშნავია ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ფინანსური მხარდამჭერის, ჰოლანდიური ორგანიზაციის NOVIB-ის როლი. მათი ერთგვარი მეგზურობით, ინფორმაციული და ფინანსური მხარდაჭერით, გაცილებით უფრო ნათელი გახდა ახალგაზრდა გუნდისთვის თუ როგორ შეიძლებოდა მათი რესურსის სწორად გადანაწილება და ქვეყნის განვითარებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. სწორედ, NOVIB-ის მხარდაჭერილი ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების პროგრამის ფარგლებში, 1998 წელს, პროგრამამ რეგიონებში სამოქალაქო ორგანიზაციების და ჯგუფების გაძლიერების მიზნით დაიწყო მუშაობა.
ფოტო-არქივი
საქმიანობა რეგიონებში
მნიშნელოვანი ნაბიჯები
თავდაპირველად, თემის განვითარების პროგრამის მიზანი, რეგიონებში სამოქალაქო აქტივიზმის წახალისება და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების ცნების დამკვირდება იყო. შესაბამისად, პროგრამამ რეგიონებში საქმიანობა, მცირემასშტაბიანი სათემო ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. თუმცა, დროთა განმავლობაში, ორგანიზაციამ გადაწყვიტა ერთჯერადი დაფინანსების მოდელიდან, გრძელვადიან, ცვლილებებზე ორიენტირებულ მიდგომაზე გადასულიყო. აქედან გამომდინარე, პროგრამამ აქტიურად დაიწყო სოფლად ადგილობრივი ლიდერების (აქცენტი ახალგაზრდებზე) აღმოჩენა და სათემო ჯგუფების ფორმირება.
ამ პერიოდიდან იღებს სათავეს ე.წ. სათემო ცენტრების შექმნის პროცესი. ანუ, სოფლად იმ სივრცეების კეთილმოწყობა, სადაც მოსახლეობას შეკრების, ახალი ცოდნის მიღების, ინფორმაციის გაზიარების და სხვადასხვა ღონისძიების მოწყობის საშუალება ექნებოდა. დროთა განმავლობაში, პროგრამამ შეძლო იდეის მხარდამჭერების გაერთიანება, დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზება, თემის განვითარების კუთხით რეგიონში ცოდნის და ექსპერტიზის გაღრმავება და ქსელური კავშირების შექმნა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას სათემო ჯგუფებში ქალები და ახალგაზრდების ჩართულობას უთმობს და მათ სამოქალაქო ლიდერებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
1998 წლიდან დაგროვილი გამოცდილების შედეგად, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა, თემის განვითარების მიმართულებით ძლიერი, ექსპერტული, ასევე სანდო პარტნიორისა და საზოგადოების განვითარებაზე მიმართული საქმიანობების განმახორციელებელი ორგანიზაციის სახელი დაიმკვირდა.
პროგრამის ძირითადი საქმიანობები
- საქართველოში სათემო მუშაობის პოპულარიზაცია, თემის განვითარების კუთხით ცნობიერების ამაღლება და სათემო ორგანიზაციების თუ საინიციატივო ჯგუფების სამოქმედო გარემოს გაუმჯობესება;
- ადგილობრივი ლიდერების, ახალი ჯგუფების აღმოჩენა/ფორმირება და მათი გრძელვადიანი ორგანიზაციული მხარდაჭერა;
- სათემო ინიციატივების და პროექტების ფინანსური მხარდაჭერა;
- რეგიონში არსებული ინტელექტუალური რესურსის განვითარება და გაძლიერება;
- ქვეყანაში არსებული ადგილობრივი სათემო ქსელების გაძლიერება და გაფართოება;
- ფილანტროპიის და ადგილობრივი რესურსების მობილიზების ახალი მექანიზმების დანერგვა.