9-10 ნოემბერს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ‘ სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივია’ ფარგლებში, გაიმართა ‘სათემო ლიდერთა ფორუმი 2022’.
ფორუმში მონაწილეობა მიიღო 145 ადამიანმა, მათ შორის თემის ლიდერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მთელი საქართველოდან, ასევე სამთავრობო უწყებების, ბიზნეს კომპანიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
სათემო ლიდერთა წლევანდელ ფორუმზე დამსწრე საზოგადოებამ, მოისმინა სათემო ჯგუფების და პროექტების სოციალური გავლენის კვლევის შედეგები, რომელსაც კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ანა მარგველაშვილი გაუძღვა, ასევე ონლაინ ჩართვით ექსპერტმა შოთა მურღულიამ აუდიტორიას პროექტების ეკონომიკური გავლენის შეფასების შედეგების გააცნო.
ფორუმის განმავლობაში ტრადიციული 2020-2021 წლების ‘საუკეთესო სათემო ინიციატივების’ კონკურსიც გაიმართა, მასზე წარდგენილი 6 სათემო ინიციატივიდან:
- ჟიურის რჩეული „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ პროექტი ‘NTI თქვენს სახლში’ გახდა;
- აუდიტორიის რჩეული კი - რაჭის სათემო ორგანიზაციის პროექტი - ‘მთის ბავშვებისთვის’.
ყველა კონკურსანტის ინიციატივების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე.
თითოეულ გამარჯვებულს გადაეცა სპეციალური პრიზი და ბირმინგემის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული 500 ფუნტი სტერლინგი.
‘საუკეთესო სათემო ინიციატივების’ კონკურსის მონაწილე სათემო ჯგუფების მომზადებისა და მათთვის სპეციალური ჯილდოების დაწესების პროცესში ჩართულნი იყვნენ ბიზნეს კომპანიები: ალდაგი, თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, კრედო ბანკი, კრისტალი და Moore abc.
კონკურსის მონაწილეებისათვის სპეციალური პრიზები ასევე, დააწესეს გაეროს განვითარების პროგრამამ, სოციალურმა საწარმოებმა „დედიკო“ და ‘მირაბალდები’, სოციალურ საწარმოთა ალიანსმა და სათემო ორგანიზაციათა ჯგუფმა. ჯგუფის შემადგენლობაში შევიდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ორგანიზაციები: თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი, სათემო ორგანიზაცია ჰერეთი, ნუკრიანის სახელოსნოები, სასწავლო ცენტრი გუმბათი, გურიის მედიატორთა ასოციაცია, სათემო ფონდი ლელი, ჩხოროწყუს ჯგუფი „თანასწორი“, სათემო ცენტრი „აისი“, განვითარების და განათლების ცენტრი „თოლისკური“ და ცოდნისკაფე.
ფორუმის მეორე დღეს გაიმართა მულტისექტორული პანელური დისკუსიები შემდეგ თემებზე:
- „ქრაუდფანდინგი“, როგორც დაფინანსების ალტერნატიული შესაძლებლობა;
- ახალგაზრდული პოლიტიკა და შესაძლებლობები სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის;
- სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა თემის დონეზე;
- სოციალური მეწარმეობა სათემო ორგანიზაციებში;
ფორუმის დასასრულს, ერთი სესია „ღია სივრცის“ სახელწოდებით დაეთმო სათემო ორგანიზაციებს შორის კონტაქტების გაღრმავებას და საერთო პრობლემატიკაზე ერთობლიც ჯგუფურ მსჯელობას.
ფორუმის ფოტო გალერეა:
სათემო ლიდერთა ფორუმი“ სათემო ორგანიზაციების, თემის ლიდერებისა და საინიციატივო ჯგუფების მონაწილეობით, მათთვის და მათთან ერთად CSRDG-ის მიერ 2015 წლიდან რეგულარულად ეწყობა. ღონისძიების თემატიკა წლიდან წლამდე იცვლება იმ მოთხოვნების, საჭიროებებისა და სურვილების შესაბამისად, რომელიც სათემო ორგანიზაციებს მოცემულ მომენტში აქვთ.
წლევანდელი ფორუმის მხარდამჭერები იყვნენ: ევროკავშირი, კორნად ადენაუერის ფონდი (KAS), გაეროს განვითარების სააგენტო, შვედეთის საელჩო, პური მსოფლიოსათვის და ბირმინგემის უნივერსიტეტი.