2018 წლის 1-2 ნოემბერს, სასტუმროში „ლოპოტა სპა რეზორტი“ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, გაიმართა სათემო ლიდერთა ფორუმი, რომელსაც 100-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.
ფორუმის მთავარი მიზნები იყო: სათემო ორგანიზაციებისთვის ცოდნის შეძენა, წარმატებული გამოცდილების გაზიარება, აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და კონტაქტების დამყარება. ასევე, ფორუმზე გამოვლინდა და დაჯილდოვდა 2017-2018 წელს განხორციელებული საუკეთესო სათემო ინიციატივა/პროექტი და სათემო „კერა“ (კუთხე), რომელიც ვიზუალურად წარმოაჩენდა სათემო ორგანიზაციების საქმიანობას.
2018 წლის ფორუმი გამორჩეული იყო მრავალფეროვანი სესიებითა და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სამოქალაქო და სამთავრობო სფეროს მოწინავე სპიკერებით. საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა არასახელმწიფო დაფინანსების მექანიზმები; ფინანსური სტაბილურობის მიღწევის ახალი შესაძლებლობები; დეცენტრალიზაციის მიმდინარე პროცესი და მმართველობის პროცესში ჩართულობის მნიშვნელობა; ქალის როლი მმართველობაში; ნარჩენების მართვის მხრივ ქვეყანაში არსებული გარემო, შესაბამის სტრუქტურებსა და თემს შორის თანამშრომლობის მექანიზმები და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები.
ფორუმი ჩატარდა „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივისა“ (დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ) და „ქალთა გაძლიერება ცვლილებისთვის“ პროექტის (დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა) ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით.