16-17 ნოემბერს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივია’ ფარგლებში, გაიმართა ‘სათემო ლიდერთა ფორუმი 2023’. 

ფორუმში მონაწილეობა მიიღო 170-მდე ადამიანმა, მათ შორის თემის ლიდერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მთელი საქართველოდან, ასევე სამთავრობო უწყებების, ბიზნეს კომპანიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 

სათემო ლიდერთა წლევანდელ ფორუმზე დამსწრე საზოგადოებამ, მოისმინა სხვადასხვა სათემო ორგანიზაციის გამოცდილება, გაიცნო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საინტერესო და გამორჩეული სათემო პროექტები და ინიციატივები, უყურა ვიდეოს - სათემო ლიდერები და თემის განვითარების პროგრამა.

ფორუმის განმავლობაში ტრადიციული  2021-2022 წლების ‘საუკეთესო სათემო ინიციატივების’ კონკურსიც გაიმართა, მასზე წარდგენილი 6 სათემო ინიციატივიდან:  

  • ჟიურის რჩეული გახდა - “ჩვენი სივრცე უკეთესი მომავლისთვის“ — მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი
  • აუდიტორიის რჩეული გახდა - “თრუსოს ხეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება” — ორგანიზაცია “ლომეკი”

 

ყველა კონკურსანტის ინიციატივების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე.

 

თითოეულ გამარჯვებულს გადაეცა სპეციალური პრიზი და ბირმინგემის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული 500 ფუნტი სტერლინგი. 

‘საუკეთესო სათემო ინიციატივების’ კონკურსის მონაწილე სათემო ჯგუფების მომზადებისა და მათთვის სპეციალური ჯილდოების დაწესების პროცესში ჩართულნი იყვნენ ბიზნეს კომპანიები: თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, კრედო ბანკი, თეგეტა ჰოლდინგი, ეიპიემ ტერმინალს ფოთი და ემბისი.  

კონკურსის მონაწილეებისათვის სპეციალური პრიზები ასევე, დააწესეს გაეროს განვითარების პროგრამამ, საქართველოს ბანკმა, კრედო ბანკმა, პროკრედიტ ბანკმა, თიბისი ლიზინგმა, თეგეტა ჰოლდინგმა, ბოდი შოპმა, ქალთა კავშირმა "რეა", ელკანამ, არტანუჯმა, რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულმა, სათემო განვითარების ცენტრმა და სათემო ორგანიზაციათა ჯგუფმა. სათემო ორგანიზაციების ჯგუფის შემადგენლობაში შევიდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ორგანიზაციები: ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრი, სათემო ფონდი - ლელი, სათემო კავშირი - ანიბანი, სათემო განვითარების ცენტრი აისი, სათემო კავშირი ჰერეთი, ცოდნის კაფე, სათემო კავშირი ნუკრიანი, საინიციატივო ჯგუფი "თემისთვის", გურიის მედიატორთა ასოციაცია, ციფრული სივრცე- მეტი შესაძლებლობა, ჩხოროწყუს ქალთა საინიციატივო ჯგუფი "თანასწორი", ლესიჭინეს თემის ქალთა საინიციატივო ჯგუფი "დეკა", განათლების და განვითარების ცენტრი თოლისკური, დიმელი ქალები, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი, სოციალური საწარმო გუმბათი, ა(ა)იპ ახალი აზროვნების ინსტიტუტი, საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (საგა), სკრის ა(ა)იპ "ბეთლემი", ა(ა)იპ რაჭის სათემო ორგანიზაცია, მუხრანის საინიციატივო ჯგუფი, სათემო კავშირი კედელი. 

 

ფორუმის მეორე დღეს გაიმართა მულტისექტორული პანელური დისკუსიები შემდეგ თემებზე: 

  • თვითმმართველობასთან თანამშრომლობის დადებითი პრაქტიკები და არსებული გამოწვევები
  • ტურიზმი სოფლად
  • ქალთა ეკონომიკური გაძლიერება — სოფლად არსებული შესაძლებლობები
  • თემის ისტორიული მეხსიერება და კულტურული მემკვიდრეობა
  • სასკოლო კვება და თემის კეთილდღეობა — რატომ უნდა მოვითხოვოთ სასკოლო კვების პროგრამები

ფორუმის დასასრულს, ერთი სესია „ღია სივრცის“ სახელწოდებით დაეთმო სათემო ორგანიზაციებს შორის კონტაქტების გაღრმავებას და ერთობლიც ჯგუფურ მსჯელობას. ჯგუფის ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე.

 

იხილეთ ფორუმის ფოტო გალერეა

სათემო ლიდერთა ფორუმი“  სათემო ორგანიზაციების, თემის ლიდერებისა და საინიციატივო ჯგუფების მონაწილეობით, მათთვის და მათთან ერთად CSRDG-ის მიერ 2015 წლიდან რეგულარულად ეწყობა. ღონისძიების თემატიკა წლიდან წლამდე იცვლება იმ მოთხოვნების, საჭიროებებისა და სურვილების შესაბამისად, რომელიც სათემო ორგანიზაციებს მოცემულ მომენტში აქვთ.

წლევანდელი ფორუმის მხარდამჭერები იყვნენ: ევროკავშირი, კორნად ადენაუერის ფონდი (KAS),  გაეროს განვითარების სააგენტო, შვედეთი, პური მსოფლიოსათვის და ბირმინგემის უნივერსიტეტი. 

იხილეთ ღონისძიების მასალები

დღის წესრიგი

შთაბეჭდილებების წიგნი

ფორუმის შეფასების ანგარიში