მსოფლიოში მიმდინარე პანდემიიდან გამომდინარე, 2020 წლის 25-26-27 ნოემბერს, სათემო ლიდერთა ფორუმი ონლაინ ფორმატში ჩატარდა. ქვეყანაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ღონისძიებაზე გამორჩეული სათემო ინიციატივების წარმოჩენისა და მიზნობრივი ჯგუფებისთვის საინტერესო საკითხების განხილვასთან ერთად, დიდი ყურადღება დაეთმო სათემო აქტივიზმისა და სოლიდარობის როლს კრიზისების დროს.
სათემო ლიდერთა ფორუმის მიზანია, სათემო ორგანიზაციების პოპულარიზაცია, თემთა შორის კონტაქტების გამყარება/გაღრმავება, რეგიონებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარება და რაც მთავარია სათემო ლიდერებისთვის და სამოქალაქო აქტივისტებისთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება.
სათემო ლიდერთა ფორუმის განმავლობაში თემის განვითარების პროგრამის 2017-2020 წლის შედეგები შეჯამდა. ფორუმის სპიკერემა ისაუბრეს გამორჩეულ სათემო პროექტებზე, რომლებმაც მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები მოუტანა, როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე კონკრეტულ მოწყვლად ჯგუფებს. ფორუმზე საქართველოში პირველი სიღმისეული სათემო ორგანიზაციების მეფინგის კვლევის შუალედური პრეზენტაციაც გაიმართა.
სათემო ლიდერთა ფორუმზე დასწრება შეძლეს სათემო ორგანიზაციებმა, საინიციატივო ჯგუფებმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და თემით დაინტერესებულმა პირებმა.
ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით.